„გვესმის უხერხულობა, რომლებიც ფერმერებს აქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ არ გვქონოდა კატასტროფა"

ყველაფერი გვესმის, გვესმის მათ შორის, უხერხულობები, რომლებიც ფერმერებს გააჩნიათ, იგივე მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ არ გვქონოდა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო ასეთი შეზღუდვების დაწესების გარეშე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა უპირველესია და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ხშირ შემთხვევაში ეკონომიკასთან მიმართებაში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა უწევს.

„მთავრობის მიერ გადადგმულმა ქმედითმა ნაბიჯებმა მოგვიყვანა ამ მომენტამდე. ჩვენ საქართველოში გვაქვს კორონავირუსით გამოწვეული მინიმალური ფატალური შემთხვევები და ძალიან მცირე რაოდენობა ზოგადად კორონავირუსით ინფიცირებულების, უკვე ბოლო დღეების განმავლობაში. ეს ყველაფერი მიღწეულია, რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ჩვენი ექიმების დაუღალავი შრომით, მაგრამ ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და საკოორდინაციო ჯგუფმა მიიღო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

რა თქმა უნდა, თითოეული ეს შეზღუდვა და არაერთხელ განგვიცხადებია ამაზე, გულისხმობს დამატებით დისკომფორტებს ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს უკავშირდება უბრალოდ საყოფაცხოვრებო საქმიანობას, თუ სამეურნეო საქმიანობას ამა თუ იმ სუბიექტების, ასევე სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას და შეზღუდგვის გაგრძელებას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, დამატებითი დისკომფორტი შეექმნა. ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, გვესმის მათ შორის, უხერხულობები, რომლებიც ფერმერებს გააჩნიათ იგივე მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ არ გვქონოდა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო ასეთი შეზღუდვების დაწესების გარეშე. ჩვენთვის უპირველესია, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა, რა თქმა უნდა ეკონომიკური ინტერესები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გვიწევს გარკვეული კომპრომისი ეკონომიკასთან მიმართებაში“,- განაცხადა დავითაშვილმა.