„ხელისუფლებას ესმის, რომ ფერმერების შრომის შედეგი, რომლის რეალიზაციასაც ისინი ვერ ახერხებენ, არ უნდა გადაიყაროს და უნდა გაიყიდოს"

ხელისუფლებას ესმის, რომ ფერმერების შრომის შედეგი, რომლის რეალიზაციასაც ისინი ვერ ახერხებენ, არ უნდა გადაიყაროს და უნდა გაიყიდოს,- ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კითხვას, რომელიც ფერმერების მიერ პროდუქტის რეალიზების პროცესში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. მისივე თქმით, შემზღუდავი მექანიზმების გამო, პროდუქტის რეალიზაციის თვალსაზრისით სირთულეები იქნება, რადგან მეორე მხარეს არის საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

„გვესმის, რომ გარკვეული კომპრომისი ამ შემთხვევაში უნდა გვქონდეს. ჩვენი ფერმერები აბსოლუტურად გმირულ საქმიანობას სჩადიან, რთულ პირობებში გარემოს კლიმატს ებრძვიან, რომ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყონ და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ მაქსიმალური უნდა გააკეთოს მათ მხარდასაჭრად, მაგრამ თუ ჩვენ არ გავიგებთ იმას, რომ იქნება გარკვეული სირთულეები და უხერხულობები ამ შემზღუდავი მექანიზმების გამო, მაშინ წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ პროგრესს. მეორე მხარეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენ გვესმის, რომ იმ ადამიანების შრომის შდეგი, რაც დღეს რეალიზაციას საჭიროებს, უნდა გაიყიდოს, არ უნდა გადაიყაროს. რეალიზაციის საკითხები დაკავშირებულია მობილობასთან ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ 27 აპრილიდან გადაადგილების მეტი საშუალება იქნება. ეს ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები კიდევ უფრო მოგვარდება, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ 4 და 5 დღე რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ, სოლიდარულები უნდა ვიყოთ,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთანავე მინისტრის განმარტებით, რეალიზაციის პროცესს ისიც შეუწყობს ხელს, რომ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, აგრარული ბაზრებიც გაიხსნება.

„მნიშვნელოვანია ასევე, რომ ფერმერებს ჰქონდეთ სარეალიზაციო არხები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ეტაპობრივად გარკვეული აგრარული ბაზრები სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებენ ოპერირებას,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.