ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში პროდუქციის ჩაბარების პროცესი სოციალური დისტანცირებისა და რეკომენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, რადგან სატვირთო მანქანები პირველი იმ სოფლებში შევიდნენ, სადაც პროდუქტი დაგროვდა, გარკვეული ვნებათაღელვაა.
„ახლა პროდუქიის ჩაბარების ეტაპია, მაგრამ ეს ეტაპი რეკომენდაციის, სოციალური დისტანცირების, დაავადების გავრცელების პრევენციის დარღვევით მიმდინარეობს და ეს ძალიან საგანგაშოა. რადგან ეს პირველი დღეა და ამ პროცესში ჩართვა დავიწყეთ, წესრიგი იქნება, თუმცა, დღევანდელი დღე იმედის მომცემი არაა იმ კუთხით, რომ ამ დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით სწორ ნაბიჯებს არ ვდგამთ, პირდაპირ ვამბობ, საზოგადოებრივ წესრიგს ვერ ვიცავთ, რაც აუცილებლად დასაცავია. მანქანები შემოდიან და მანამდეც შემოდიოდნენ, თან იგივე კომპანია, ასევე შემოდიოდნენ დამატებით, ინდივიდუალური დისტრიბუტორები M2 კატეგორიის სამარშუტო ტიპის მანაქანებით, პროდუქცია გაქონდათ და ახლაც გააქვთ. უბრალოდ, ახლა დაემატა სატრანსპორტო საშუალებები, მაგრამ რადგან იმ სოფლებში შემოვედით პირველი, სადაც ეს პროდუქტი დაგროვდა, გარკვეული ვნებათაღლევაა და ყველას უნდა, რომ რაღაცნაირად პირველ რიგში, თავისი პროდუქტი შეიტანოს ამ სატვირთო მანქანაში. ჩვენ მივიღებთ ზომებს, დღესვე დავიწყებთ, რომ სიები წინსწრებით გვქონდეს დადგენილი და ცენტრში მხოლოდ ის ოჯახი და ის ოპტიმალური რაოდენობა გამოვიდეს, რაც არ დაარღვევს რეკომენდაციებს, ეს არის ამოცანაც და გამოწვევაც დღევანდელი დღიდან და ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.