თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი "ზოომარტის" განცხადებას პასუხობს.
შეგახსენებთ, კომპანიის ცნობით, კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია ნებართვა კონსულტანტების კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირებასა და ინტერნეტ გაყიდვებზე. შესაბამისად, თუ რამე არ შეიცვალა, კომპანია 26 აპრილიდან ფილიალების დახურვას აპირებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ „ზოომარტის“ განცხადებაზე, ვიქტორ წილოსანის პასუხს გთავაზობთ:
"სამწუხაროდ, ზოომაღაზიების ერთ-ერთმა ქსელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ დააყოვნა, ან შეზღუდა მათი ქსელის თანამშრომლების გადაადგილება, რის გამოც მოუწევთ მაღაზიების დაკეტვა 26 აპრილიდან (თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეზღუდვა 27 აპრილამდე მოქმედებს).
სინამდვილეში, შპს „ზოომარტის“ მეილიდან (maka@zoomart.ge) მერიის შესაბამის მეილზე (transport.@tbilisi.gov.ge) წერილი გადმოიგზავნა 21 აპრილს 22:05 საათზე, რაც კანცელარიამ დაარეგისტრირა 10/01201121711-16 ნომრით. იმავე ღამით 22:12 საათზე, აღნიშნულ წერილზე სსიპ - ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ უარით უპასუხა (16-012011333 წერილით), ვინაიდან მოთხოვნა არ იყო ავტობუსით ან მიკროავტობუსით მგზავრის გადაყვანაზე.
ზემოაღნიშნულის შემდეგ, კვლავ მივიღეთ წერილი 22 აპრილს, 7 სატრანსპორტო საშუალებაზე თანამშრომლების გადაყვანის უფლებასთან დაკავშირებით. სააგენტოს თანამშრომლმა სცადა მეილში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე დაკავშირება, თუმცა, სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხეს. აღნიშნული ზარის მიზეზი იყო ის, რომ განმცხადებლისთვის განგვემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი 7 სატრანსპორტო საშუალებიდან, ერთი სატრანსპორტო საშუალება მითითებული სახელმწიფო ნომრით არ იძებნებოდა, ხოლო 5 სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა სედანის ტიპის ავტომობილს, რომლებზეც სააგენტოს უფლებამოსილება არ ჰქონდა, გაეცა მოძრაობის ნებართვა,“- წერს წილოსანი.