„უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის ხელისუფლებას თვეში 400 ლარიანი დახმარების გამოყოფა შეუძლია“ - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა.
„როგორი მცირეც უნდა იყოს ჩვენი ფინანსური რესურსი, ამ მძიმე ვითარებაში ხელისუფლებამ მაინც უნდა მოახერხოს და დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვინც შემოსავალი დაკარგა. დიდი დარტყმა მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესმა, მომსახურების სექტორმა. შემცირებასთან ერთად, უკვე შეიმჩნევა დასაქმების ბაზრის ფორმატის ცვლილება და ცალკეული პროფესიებისა და საქმიანობათა სახეობების მიხედვით ვაკანსიების რაოდენობის ზრდა. თვალში საცემია და კიდევ უფრო გაიზრდება დასაქმების აბსოლუტური რიცხვი სამედიცინო სფეროში, ფარმაციაში, სამედიცინო აპარატურის წარმოებასა და მიწოდების სექტორში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საქმიანობებში, სოფლის მეურნეობაში...
ვფიქრობ, დღევანდელი პოტენციალისა და რესურსების გათვალისწინებით, შესაძლებელია დაახლოებით 200-220 ათასი კაცის ფინანსურად დახმარება, სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში, თვეში 400 ლარის ოდენობით. ეს თვეში დაახლოებით 80-90 მილიონი ლარის რესურსის მობილიზებას მოითხოვს და შესაბამისად, 3 თვის განმავლობაში ეს ციფრი 240-დან 270 მილიონ ლარამდე მიაღწევს.
ვგულისხმობ, რომ თვეში შესაძლებელია 400-ლარიანი დახმარება გაეწიოს ერთ უმუშევრად დარჩენილ კაცს და არა ოჯახს. ვფიქრობ, ამ ტვირთის აწევის შესაძლებლობა ნამდვილად შესწევს საქართველოს ბიუჯეტს, მით უფრო იმ დახმარებისა და მხარდაჭერის წყალობით, რომელსაც გარედან ველოდებით, ასევე იმ თანხების ხარჯზე, რომელიც ბიზნესმა შეიტანა სახელმწიფოს სპეციალურ ფონდში,“-აცხადებს არჩვაძე.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება გეგმავს დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომელთაც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგეს. ამის შესახებ თავდაპირველად, სავალუტო ფონდის მოხსენებიდან გახდა ცნობილი, სადაც ნათქვამი იყო რომ უმუშევრობის კომპენსაცია 150 ლარი იქნებოდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დახმარება იქნებოდა 150 ლარზე მეტი, მაგრამ არ დააკონკრეტა თუ რამდენით დაეხმარება სახელმწიფო მოქალაქეებს. პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით მითითებული მონაცემი სავალუტო ფონდის მიმოხილვიდანაც ამოიღეს.
„კვირის პალიტრის“ სტატია იხილეთ სრულად: როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს