კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახერხოს, მომავალ კვირაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი გაიხსნება. როგორც ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ხელს შეუწყობს პროდუქციის გადინებას როგორც კახეთში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
მისივე თქმით, ხილის სეზონზე ბაზარი მოეწყობა ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
„ჩვენ დღესაც ვიყავით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოსტნეული კულტურები შემოდის აქტიურად, გადაადგილება არის თავისუფალი, ანუ დისტრიბუციის განხორციელება შეუძლიათ როგორც ადგილობრივებს, ისე ჩამოსულებს, მაგრამ მომავალ კვირაში გაიხსნება სოფელ კაბალთან ახლოს დიდი საბითუმო ბაზრობა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტი პროდუქციის გადინებას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე კახეთში, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი იყო და ეს გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მზად გვქონდა, დღეს მივიღეთ საბოლოოდ. დაიწყება ამ ბაზრის იმ კონდიციაში მოყვანა, რომ მომავალი კვირის შუა რიცხვებისთვის უკვე შესაძლებელი იყოს იქ საბითუმო ბაზრის მოწყობა. ანალოგიური საბითუმო ბაზარი, ხილი როდესაც შემოვა, უფრო გურჯაანის მუნიციპალიტეტი მაქვს მხედველობაში, იქაც გაიხსნება. ეს არის სოფელ ჩუმლაყთან არსებული ტრადიციული ხილის ბაზარი. ასე რომ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მინიმალური პრობლემები შეექმნას მოსახლეობას პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.