ვიდეო კონფერენციების სერვისის Zoom-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი ბოლო 3 კვირის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა და მიაღწია 300 მილიონ ადამიანს.
ამის შესახებ „როიტერსი“ კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ Zoom-ში კონფიდენციალურობა დაცული არ არის, კომპანიის მომსახურებით მოსარგებლე ადამიანების როცხვი მაინც იზრდება. როგორც ცნობილია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების მიზნით თავის თანამშრომლებს შეუზღუდა Zoom-ის გამოყენება. Zoom-ის გამოყენება აკრძალა ტაივანის ხელისუფლებამაც.
ბრიტანული გაზეთის Financial Times- ის თანახმად, შეერთებულ შტატებში სენატორებს ასევე სთხოვეს, არ გამოიყენონ Zoom-ი სამსახურეობრივი ონლაინ შეხვედრებისთვის.
Zoom- ის პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კომპანიებმა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად, კომპანიის აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან ორჯერ გაიზარდა.
Zoom-ი, კომპანია, რომელიც განთავსებულია სან-ხოსეში, 2011 წელს ჩინელი წარმოშობის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ერიკ იუანმა დააარსა. მეწარმის ქონება, ჟურნალ Forbes- ის თანახმად, ამჟამად 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.