Apple მაკებს საკუთარი ჩიპებით გამოუშვებს

კომპანია Apple მომავალი წლიდან თავის კომპიუტერებს საკუთარი ჩიპებით გამოუშვებს.

ახალი ჩიპების შემუშავება ამჟამად მიმდინარეობს და ისინი იმავე A14 პროცესორებზეა ბაზირებული, რასაც აიფონებში და აიპადებში იყენებენ. ახალი პროცესორი, აიფონებსა და აიპადებში გამოყენებულ პროცესორზე, რომელსაც Apple-სთვის „ინტელი“ აწარმოებს, გაცილებით სწრაფი იქნება.

ამერიკული კომპანიისთვის ახალ მაკ ჩიპებს ტაივანური კომპანია „სემიკონდუქტორ მანუფექჩერინგი“ გამოუშვებს. ამ ეტაპზე, მუშაობა სამი მაკ პროცესორის შექმნაზე მიმდინარეობს. ახალი კომპონენტების გამოყენებით, Apple საკუთარი ელექტრონიკის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ცდილობს. ამასთან, ერთი და იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით, Apple აპლიკაციების უნიფიცირებას და კომპიუტერების ხშირად განახლებას უფრო იოლად და სწრაფად შეძლებს.

გარდა ამისა, კომპანია სულ უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული „ინტელზე“, რომელსაც წლიური მწარმოებლობის ზრდის ტემპის შენარჩუნება სულ უფრო უჭირს.

Apple ამჟამად იყენებს ჩიპებს, რომლებსაც დატვირთულ რეჟიმში მუშაობისთვის ოთხი ძირითადი ეგრეთ წოდებული ბირთვი გააჩნია. დამატებით ოთხი ბირთვი კი ენერგო-დამზოგავი ფუნქციების შესრულებას ემსახურება, რაც აკუმულატორის მუშაობას ახანგრძლივებს. ახალ მაკ ჩიპს კი რვა მაღალი წარმადობის ბირთვი (ფაიერშტორმ) და ოთხი ენერგო-ეფექტური ბირთვი (აისშტორმ) ექნება. ამასთან, კომპანია უკვე ახალ, 12-ზე მეტი ბირთვის მქონე ჩიპებზეც მუშაობს.