„დღეს საწყობიდან 5 000 ლარის გაფუჭებული საკვები პროდუქტი გადავყარე“ – რა უთხრეს ონლაინ-მაღაზიის მფლობელს სამინისტროში

დღეს საწყობიდან 5 000 ლარის გაფუჭებული საკვები პროდუქტი გადავყარე, 30 000 ლარის დავალიანება კი დროებით დახურულ რესტორნებს და სასტუმროებს აქვთ - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პროდუქტების ონლაინ-მაღაზიის „ხეირი ნახეს“ დამფუძნებელი ეკატერინე ზერაგია და მთავრობას მუშაობის უფლების დაბრუნებას სთხოვს.

„ხეირი ნახე“ ბაზარზე ერთ წელიწადზე მეტია ოპერირებს. კომპანია კვების და სხვადასხვა პროდუქტებით ძირითადად რესტორნებს და სასტუმროებს ამარაგებდა. ასევე მუშაობდა ფიზიკური პირების შეკვეთებზე. კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული რესტორნებისა და სასტუმროების შემდგომ, კომპანიის წარმომადგენლებმა მცირე ზომის მაღაზიების მომარაგება დაიწყეს, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ ამის უფლებაც შეეზღუდა. ეკატერინე ზერაგია ამბობს, რომ ამ დროისთვის პროდუქტებს ვერც ფიზიკურ პირებს აწვდის.

„მე არც დახმარება მითხოვია ხელისუფლებისთვის, არც გადასახადების გადავადება, ერთს ვთხოვ, რომ მომცენ მუშაობის უფლება, მაგრამ სამწუხაროდ, არსაიდან ხმა არ ისმის“, - ამბობს ზერაგია.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით ეკატერინე ზერანგიამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხეირი ნახე ეს არის კომპანია, რომელიც მოსახლეობას ამარაგებს საკვები პროდუქტებით, ძირითადად ხილ-ბოსტნეულით...

ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელიც 16 აპრილს დღის მეორე ნახევარში მიიღო სახელმწიფომ, დავდექი ფაქტის წინაშე და მომიწია ყველა შეკვეთის გაუქმება. ბევრმა ჩვენმა მომხმარებელმა გაიაზრა და მიიღო ჩვენი მობოდიშება. ბევრმა კი ვერც გაიაზრა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გვლანძღა (არ მაინტერესებს მომიტანეთ ჩემი შეკვეთა)…

და, აი, მოვიდა ის დღე 21 აპრილი და ისევ შეკვეთების კორიანტელი და ისევ გამოდის მთავრობის წარმომადგენელი და ისევ აგრძელებენ აკრძალვას მსუბუქი ავტომობილის გადაადგილებაზე 27 აპრილამდე.. ისევ ფაქტის წინაშე დავდექით. ვრეკავ 144ზე, მამისამართებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხელ ხაზზე, სადაც რიგში ვარ 235 -ე... და,აი, უკვე მე-5 ვარ და ითიშება.... ვრეკავ თავიდან ახლა უკვე 256-ე ვარ, 1,5 საათის შემდეგ ვარ 11-ე და ისევ ითიშება.. ამ ყველაფერს რომ გაუძლო, დამეთანხმებით ძალიან ძლიერი ფსიქიკის ადამიანი უნდა იყო... ამასთან ერთად, მოდის უამრავი წერილი, შეკვეთა და პასუხს ვერ ვუბრუნებ ვერც ერთ მომხმარებელს.

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მეორე დღეს, 22 აპრილს, აი ესე უტიფრად საკუთარი ავტომანქანით მივსულიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროში... მივადექი სურსათის ეროვნულ სააგენტოს, განყოფილების უფროსს, ფაქტობრივად ვემუდარები, რომ მოეცა საშვი, რათა კომპანიის კუთვნილი მინი ვენით მომემარაგებინა მოსახლეობა პროდუქტებით.. ასევე ავუხსენი, რომ მაქვს საწყობში უამრავი პროდუქტი, რომელიც მალფუჭებადია შესაბამისად ლპება და არც იმის საშუალება მაქვს ,რომ გამოვიტანო და უბრალოდ დავარიგო, თუნდაც უსასყიდლოდ ,იმ მოსახლეობაზე რომელსაც დღეს ძალიან ჭირდება.. ეს ადამიანი მთავაზობს მხოლოდ ერთს , ვიქირავო M3 ტიპის ავტომანქანა და მხოლოდ ამ ავტომობილით მოვამარაგო... შევეცადე ამეხსნა , რომ ქირაობა მსგავსი ტიპის ავტომანქანის დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან და ამასთან ერთად კადრის სიმცირის გამო ფიზიკურად ვერ შევძლებ მსგავსი ავტომობილით მომსახურებას... მიუხედავად ამისა შედეგს ვერ მივაღწიე და მართალი გითხრათ არგუმენტიც ვერ მოვისმინე მათი პოზიციის გასამყარებელი.. ისევ მომიწია თითოეულ მომხმარებელთან წერილის მიწერა, ბოდიშების მოხდა და დროებით დამშვიდობება..

მიკვირს ერთი რამ, თუ ქალაქში მოძრაობს უამრავი მსუბუქი ავტომანქანა, ზოგი ცნობილი ბრენდის ლოგოთი, რომლებიც სავარაუდოდ დისტრიბუციას ან ე.წ დელივერს ახდენენ და ზოგი დაბურულ მინებიანი, რატომ არ მაქვს მე საშუალება ამ რთულ პერიოდში მოვემსახურო მოსახლეობას ყველა წესის დაცვით და არ გავაჩერო კომპანია?

თუმცა პასუხიც აქვე მაქვს... ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.. პატრონიანი საშვიანი "ძლიერნი ამაქვეყნისანი" უმისამართოდ დაქრიან და მე ვითომ "უპატრონო" ვაჩერებ ჩემს საქმიანობას ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.. რითიც ზარალდება კომპანია, ზარალდება მოსახლეობა და თავის ვინუგეშებთ, რომ ამით კორონას ვუმკლავდებით!!!“, - წერს ზერაგია.

ელზა წიკლაური