კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები - 10 ათასი ლარით. პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2 ათასი და 10 ათასლარიანი ჯარიმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუკი ამ დროს ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა არ იქნება გამოცხადებული.
ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იქნება, დადგენილი წესების დარღვევისთვის განსხვავებული ოდენობის ჯარიმები იმოქმედებს. კერძოდ, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირების დაჯარიმებას 15 ათასი ლარით (თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ იქნება დადგენილი).
გარდა ამისა, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში. კოდექსს ემატება 2481 მუხლი, რომლის თანახმად, თუ პირი კარანტინის ან/და იზოლაციის წესს ხელმეორედ დაარღვევს და ამავდროულად ქვეყანაში არ იქნება გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც გულისხმობს შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. იურიდიული პირის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ან ლიკვიდაცია.
რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იმოქმედებს, ასეთ დროს დადგენილი წესების განმეორებით დარღვევა (მათ შორის კარანტინის ან/და იზოლაციის წესების) გამოიწვევს ფიზიკური პირებისთვის თავისუფლების აღკვეთას 6 წლის ვადით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით (თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ იქნება დადგენილი). აღნიშნულს სისხლის სამართლის კოდექსისი 3591 მუხლი დაარეგულირებს.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან შევა ძალაში.