პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე ამნისტია არ იგეგმება.
როგორც მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯარიმებს პრევენციული ხასიათი აქვს.
„როდესაც ჯარიმებზე იყო საუბარი და შესაბამის დეკრეტში ჯარიმები იქნა გათვალისწინებული, ამას ჰქონდა პრევენციული მიზანი. ამ საკითხთან დაკავშირებულ რაიმე სახის შეღავათებზე ან ამნისტიაზე საუბარი არ არის. იმიტომ, რომ ყველა მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, როდესც ის არღვევს წესებს დეკრეტით დადგენილს, ის ქმნის მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის, ამიტომ ჯარიმაც და ჩვენს მიერ შექმნილი ახალი ნორმაც ემსახურება პრევენციას იმისას, რომ რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ მომავალშიც თუ საომარი ან საგანგებო მდგომარეობა გვექნება ამ შემთხვევაშიც სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული ნორმა იქნება გათვალისწინებული იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ დეკრეტით ასეთი რამ არ იქნება გათვალისწინებული.
მესმის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იყოს ამ ჯარიმის გადახდა ძალიან რთული, მაგრამ პრევენციულობაც ამაში მდგომარეობს, არ უნდა დაარღვიოს არც ერთმა მოქალაქემ წესები, რადგან ეს მომეტებულ საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა მდინარაძემ.