საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება თბილისის საკრებულოს მიმართოს და თბილისის ქონებით მოსარგებლე პირებისთვის საინვესტიციო პირობების შეცვლა ან გაუქმება მოითხოვოს. პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით (84 მომხრე) დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, მიმართოს საკრებულოს და მოითხოვოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლა. ამ უფლებამოსილების გამოყენება თბილისის მუნიციპალიტეტს ეძლევა 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ ან/და მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, თბილისის მთავრობის შესაბამის მოთხოვნაზე საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ გატარდება საშეღავათო რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში ის ახალი მუხლი, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ უნდა დაემატოს, იმგვარი რედაქციით არის შემოთავაზებული, რომ მასში „საშეღავათო რეჟიმის“ თაობაზე დათქმა არ წერია.
კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილია.