როგორ გაართვეს თავი ონლაინსწავლებას ქართულმა უნივერსიტეტებმა

COVID19-ის გავრცელების გამო მსოფლიოს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოუწია. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 98 ქვეყანაა განხილული, თუ როგორ მოახერხეს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. აღნიშნულ კვლევაში საქართველოში გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად არის შეფასებული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა OECD-ის ანგარიშში საქართველოს პოზიტიურ პოზიციონირებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი გამართულად მიმდინარეობს და სემესტრს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება.

OECD-ის ანგარიშში შეფასებულია ქვეყანაში განხორციელებული პროექტები როგორიცაა:

· პროექტი „ტელესკოლა“, რომლის ტრანსლირება 30 მარტიდან დაიწყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პროექტით საქართველოს განათლების სისტემამ დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობაზე იზრუნა.

· შექმნა Microsoft Office 365-ის სამომხმარებლო ანგარიში საქართველოს საჯარო სკოლების დაახლოებით 600 000 მოსწავლის, 55 000 მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისთვის.

· Microsoft TEAMS-ის პლატფორმაზე გამოიყო ვირტუალური საკლასო ოთახი ყველა სკოლის ყველა კლასისა და სასწავლო დისციპლინისთვის.

· საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით მასწავლებლებს დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.

სახელმწიფოს ჩართულობა სკოლების ონლაინ სწავლების ფორმატზე გადასვლის პროცესში აქტიური იყო, უნივერსიტეტებს კი აღნიშნულის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწიათ. ოფიციალურად გამოცხადებული არდადეგების დასრულების შემდეგ, 16 მარტიდან მხოლოდ ერთეულმა უნივერსიტეტებმა შეძლეს სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. მათ შორის პირველი იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც ამ დროისთვის ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ონლაინ ფორმატზე სრულად გადაიყვანა არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ უნივერსიტეტში მოქმედი ყველა სტუდენტური სერვისი და პროექტი და შესაბამისად, სრულყოფილად წარმართა სემესტრი.

უნივერსიტეტში სწავლა 2 მარტს უნდა დაწყებულიყო. თუმცა არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სემესტრი 16 მარტს სრულფასოვნად დაიწყო. უნივერსიტეტის ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესი კი, რომელიც ფაქტობრივად უხარვეზოდ განხორციელდა, ასეთი იყო:

2 მარტი

2 მარტიდან 16 მარტამდე ჩატარდა ადმინისტრაციული თანამშრომლების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის ტრენინგები, სატესტო რეჟიმში ჩატარდა ყველა ლექცია და სემინარი, სტუდენტებისა და ლექტორების აქტიური ჩართულობით, რომ არსებული ხარვეზები აღმოფხვრილიყო და 16 მარტიდან სწავლა უპრობლემოდ დაწყებულიყო. ამავე პერიოდში უნივერსიტეტში შეიქმნა ონლაინ მოდერატორთა დიდი ჯგუფი, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ბაზაზე ამოქმედდა და სრულ კონტროლს უწევს თითოეული ლექციის მიმდინარეობის ტექნიკურ და სხვა მხარეებს.

16 მარტი

საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებზე სწავლა დაიწყო სრულფასოვნად. თითოეული კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესში ჩართულია 120მდე ლექტორი, 200–ზე მეტ ჯგუფში, 83 საგანში ტარდება ლექციები და სემინარები, რომლებსაც უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ესწრება.

პარალელურად, BTU-მ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის დისტანციური სერვისები აამოქმედა. სერვისებს შორისაა: კარიერული ცენტრის, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის, ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის, პროექტების მართვის და სხვა ერთეულების გეგმიური აქტივობები. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ისინი კი არ გაუქმდა, არამედ სწავლის მსგავსად დისტანციურად გაგრძელდა.

23 მარტი

BTU-მ დაიწყო დისტანციური ონლაინ სესიების ჩატარება. სესიები მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით აერთიანებს ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებს და პოდქასთებს. პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დისტანციური სესიები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ. სტარტაპ სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები.

30 მარტი

უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრმა აამოქმედა მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების უფასო კონსულტაციების ონლაინ სისტემა. მოკლე დროში ციფრულ ტრანსფორმაციასთან, ელექტრონულ ვაჭრობასთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაუტარდა 30–ზე მეტ კომპანიას, ბიზნესის ონლაინ მართვის ტრენინგი ჩაუტარდა 118 სტარტაპერს, ციფრული მარკეტინგის და გაყიდვების ტრენინგი ჩაუტარდა 63 სტარტაპს. დაიგეგმა ელექტრონული კომერციის საერთაშორისო პლატფორმების ტრენინგები 100-ზე მეტი მონაწილისთვის. გაიმართა ონლაინ სტარტაპ ბუთქემფი, გამარჯვებულმა სტარტაპებმა მიიღეს ფულადი ჯილდოები. შედგა ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორების დისტანციური შეხვედრა მსხვილ და წარმატებულ ქართულ სტარტაპებთან, რომელთაც შორის, მრავალმილიონიან დაფინანსებას მოკლე დროში მოიპოვებს შერჩეული კანდიდატი.

10 აპრილი

უნივერსიტეტში არსებული მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებისთვის, ინტერნეტპაკეტები უსასყიდლოდ სწავლის დაწყებისთანავე ამოქმედდა. სწავლის პროცესში შეუფერხებლად ჩართულობის უზრუნველსაყოფად, უკვე 10 მარტიდან, კომპანია LAB და სხვა პარტნიორები აღნიშნული სოციალური ინიციატივის ფარგლებში BTU-ს გარშემო გაერთიანდნენ.

12 აპრილი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა საქართველოში პირველი დასაქმების დისტანციური ფორუმი გამართა, სადაც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციები იქნა წარმოდგენილი. ფორუმში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ჩაერთნენ, მონაწილეობა ასეულობით სტუდენტმა მიიღო, რომელთაც შექმნილი გარემოებების გამო სამუშაო პოზიციები დაკარგეს. კარიერულმა ცენტრმა აგრეთვე დაიწყო ინტენსიური ტრენინგების ჩატარება ფრილანსინგის მიმართულებით, რომელიც სახლიდან გაუსვლელად, მაღალანაზღაურებადი სამუშაო პოზიციების მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.

16 აპრილი

ჩატარდა ღია ვებინარი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ვებინარზე შემდეგ თემებზე ისაუბრეს: კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და პრობლემები, გადაჭრის საშუალებები; შეღწევადობის აღმოჩენის და რეაგირების პრინციპები; უსაფრთხოების მოვლენები და ინციდენტები, მონიტორინგის და მართვის გზები; MS Windows ლოგები; ინციდენტების მონიტორინგი; Brute-force თავდასხმის აღმოჩენა-აღმოფხვრა; ქსელის ტრაფიკის ანალიზი.

20 აპრილი

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ამოქმედდა სტუდენტთა საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამა მენეჯმენტის, ფინანსების და ტექნოლოგიების მიმართულებით. ყველა დაინტერესებული კანდიდატი ინდივიდუალურად იღებს ონლაინ კონსულტაციას.

21 აპრილი

გაეროს ინიციატივით გამართულ მსოფლიო კრეატიულობის და ინოვაციების დღეს, BTU მიიწვიეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. უნივერსიტეტმა, მეწარმე ქალებისთვის სპეციალური ონლაინ კურსი შეიმუშავა, სადაც ფინანსების მართვა უფასოდ, ნებისმიერი ბენეფიციარისთვის ისწავლება. დაიგეგმა ქალთა კოდინგის სკოლის მეორე, დისტანციური ეტაპიც.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ აქტივობების და პროექტებისა, რომელიც ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესში განხორციელდა. დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნიევრსიტეტში დისტანციური სწავლების მე–7 კვირა სრულდება და უნივერისტეტში აცხადებენ, რომ პროცესი გეგმიურად, უხარვეზოდ მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ყველა მათგანმა მოახერხა, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ნაწილს გარკვეული საგნების ონლაინ ფორმატზე გადატანა გაუჭირდა. მეორე ნაწილს კი, რომლებმაც სწავლების დისტანციური რეჟიმის დანერგვა შეძლეს, სტუდენტების სხვა სერვისებით უზრუნველყოფა ვეღარ მოახერხეს.