მარნეულში, სარეალიზაციოდ პროდუქციის ჩაბარება დილიდან განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა, გუშინ, მოსახლეობამ 200 ტონამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩააბარა, დღეს კი, დამატებით კიდევ 100 ტონის გატანა იგეგმება. ამასთან, დარგალი აცხადებს, რომ პროდუქციის ჩაბარება გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს, წესების დაცვით მოხდება.
„გუშინ 200 ტონამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა. დღეს, დამატებით, ორგანიზებულად გავა 100 ტონა პროდუქცია, ანუ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, მაქსიმალურად დარეგიულირდება რეკომენდაციები. დისტანციას ჩვენ დავარეგულირებთ, მოსახლეობაში პირბადეებს ვარიგებთ. ჩვენი ამოცანა დისტანციის დაცვა უფროა, რაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზედამხედველობის სამსახურიცაა ჩართული. მოხდება სიების დარიგება და აღნიშნულის მეშვეობით რეგულირება, რაც მოსახლეობამაც იცის“, - განაცხადა დარგალმა.
ცნობისთვის, გუშინ, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებდნენ, ხმაური იყო და პროცესი სოციალური დისტანცირების დარღვევით მიმდინარეობდა.