ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და არ დაზარალდნენ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება პროდუქტზე ფასებს, მინისტრის თქმით, უნდა იყოს კონკურენტული გარემო, რადგან ამის იქით მათი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება.
„დღეს მაღალი ფასის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ყველა სახის ქართული პროდუქტის სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინოს, რაც წარმოუდგენელია; ქვეყნის ბიუჯეტი, გადასახადის გადამხელების მიერ გადახდილი გადასახადები ამას ვერ აუვა. ჩვენ წინა წლებში მაისში გვქონდა ტურიზმის პიკი. მოლოდინი იყო, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვეყოლებოდა. მაისი არის თვე, როდესაც საქართველოში შემოდის ახალი, ცოცხალი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ქართული აგრარული წარმოების მნიშვნელოვანი პროდუქტებია. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ლოგიკურია გაზრდილი ფასის მოლოდინი, მაგრამ დღეს მოხმარების და შესაბამისად, მოთხოვნის ნაწილი შესუსტებულია. დღეს მოთხოვნა ისეთივე არ არის, როგორც ეს გასულ, 2019 წელს იყო”, - განაცხადა დავითაშვილმა. მის კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.