მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე ფერმერებთან, რათა გადავაზღვიოთ ის დისკომფორტი, რაც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართაობის გამო შეიქმნა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით სიტუაცია გაუმჯობესდა.
„იმის მიხედვით, ქვეყანაში როგორ იცვლება ეპიდემიოლოგიური ვითარება - მძიმდება, რისკები იზრდება, თუ პირიქით - ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებებს ვიღებთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვის მიუხედავად. სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია, ამინდზე, გარემო პირობებზე, კონკრეტულად სეზონზე. ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, უბრალოდ არ შეიძლებოდა ამ საქმიანობის აკრძალვა, არ გამოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს რისკებთან კავშირშია. გადაწყვეტილებები, მაგალითად, მობილობის შეზღუდვის გაგრძელება, ადმინისტრირების კუთხით ძალიან დიდი წნეხს აჩენს თითოეულ აღმასრულებელ უწყებაზე, სამინისტროებზე, სააგენტოებზე; მნიშვნელოვანი ფიზიკური რესურსია საჭირო. უამრავი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე -144, რომელიც არის ცენტრალიზებული, ასეთივე ვითრებაა ჩვენი სამინისტროს ცხელ ხაზზეც. ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენთან ხელი მოუწვდებათ, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტი, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართაობის გამო შეიქმნა. ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით სიტუაცია გაუმჯობესდა. სულ რამდენიმე დღე უნდა მოვითმინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სოლიდარულები,"- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.