27 აპრილს, ვენა-თბილისის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რეისს ავიაკომპანია „Myway” შეასრულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ავიაკომპანიას შორის შედგა.
უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია “Myway” ქალაქ პრაღაში გეგმურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა, კომპანიამ გამოთქვა კეთილი ნება, მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
„საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია ქალაქ პრაღიდან უკანა ფრენას ქალაქ ვენის გავლით განახორციელებს და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ქალაქ ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ბილეთების რეალიზაცია რეისამდე ორი დღით ადრე, ავიაკომპანია ‘“Myway”-ის ვებ-გვერდზე დაიწყება. როგორც ცნობილია, უშუალოდ, პრაღაში, 2 მაისს კომპანია “Georgian Airways ” მიერ საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისი შესრულდება, რომელიც სამშობლოში პრაღაში მყოფ თანამემამულეებს ჩამოიყვანს.
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ, როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები,“-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.