საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენას ავიაკომპანია Jazeera Airways განახორციელებს. აღნიშნული რეისით საქართველოში 11 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი ბრუნდება.
როგორც უწყებიდან იუწყებიან, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საელჩოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.
„კერძოდ, ცნობილი გახდა,რომ ავიაკომპანია Jazeera Airways ქუვეითის მოქალაქეების საქართველოდან რეპატრიაციის მიზნით, ასრულებდა ფრენას თბილისის მიმართულებით.
მხარეების შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ქუვეითში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.
ფრენა განხორციელდება თბილისის დროით 11:00-ზე, ქუვეითი-ბაქო-თბილისის მიმართულებით,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.