მარტში საწვავის მოხმარების მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, იმპორტი მაღალ მაჩვენებელზეა

მარტში საწვავის მოხმარების მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, იმპორტი მაღალ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2020 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 84,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,9 ათასი ტონით (1,1%-ით) ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და 14,7 ათასი ტონით (21,1%-ით) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, 2020 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 244,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 11,8 ათასი ტონით (5,1%-ით) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა 45,4 ათასი ტონა შეადგინა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,9 ათასი ტონით, ანუ 21,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 39,0 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,8 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით).

"საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2020 წლის მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 28,8 ათასი ტონა, ანუ 63,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,4 ათასი ტონა, ანუ 33,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,2 ათასი ტონა, ანუ 2,6%.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 19,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,5%-ს შეადგენს/ შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 16,8 ათასი ტონა (19,9%), რუმინეთი - 16,3 ათასი ტონა (19,3%), აზერბაიჯანი - 9,7 ათასი ტონა (11,5%), ყაზახეთი - 7,8 ათასი ტონა (9,2%), ბულგარეთი - 7,2 ათასი ტონა (8,5%); საბერძნეთი - 5,2 ათასი ტონა (6,2%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (1,8%), თურქეთი - 0,9 ათასი ტონა (1,1%).

აღსანიშნავია, რომ საწვავის იმპორტი მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, გაზრდილია 21.1%-ით, თუმცა ამავე დროს პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია 40%-ით covid-19-დან გამომდინარე. საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია პროდუქტზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგადაც ხდება პროდუქციაზე მარაგების შექმნა მასზე მოთხოვნილების არქონის მიუხედავად. აპრილში საწვავის მოხმარება მიმდინარე ობიექტური მიზეზების გამო კიდევ უფრო ნაკლები იქნება.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს პირველად მოხდა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება A-91 ოქტანის, რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტი თურქმენეთიდან (2020 წლის I კვარტლის შედეგებით მთლიანი იმპორტის 17%) და ყაზახეთიდან (6,3%) და მათი ხვედრითი წილი ადგილობრივ ბაზარზე უკვე სოლიდურია",-აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.