2020 წლის ზაფხულიდან Google-ს პლატფორმებზე რეკლამის დამკვეთების მითითება სავალდებულო გახდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკლამის დამკეთებმა საკუთარი ვინაობა უნდა გაასაჯაროვონ, ასევე მიუთითონ რომელ ქვეყანაში მუშაობენ.
ასეთი მოთხოვნები კომპანიამ 2018 წელს შემოიტანა და მაშინ ეს მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ეხებოდა. ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს სტანდარტები ვრცელდებოდეს ნებისმიერ რეკლამაზე.
”რეკლამის დამკვეთებმა უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა, ბიზნეს რეგისტრაციის დოკუმენტები ან სხვა ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაადგინონ ვინ არიან დამკვეთები და რომელ ქვეყანაში მუშაობენ”, - აცხადებენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ "მიმდინარე წლის ზაფხულიდან მომხმარებლები შეძლებენ შეამოწმონ, ვინ დაუკვეთა ესა თუ ის რეკლამა.
როგორც Google-ში აღნიშნავენ, ახალი წესები ხელს შეუწყობს იმას, რომ „მომხმარებელმა უკეთესი გადაწყვეტილება მიიღოს.“. ასევე, ამით ხელი შეეშლებათ ისეთ დამკვეთებს, რომლებიც თავს სხვა ადამიანებად ასაღებდნენ.
"რეკლამირების მომხმარებლების შემოწმებას ამერიკიდან დავიწყებთ და ეტაპობრივად ეს პრაქტიკა ყველა ქვეყანაზე გავრცელდება." - ნათქვამია განცხადებაში. კომპანიამ აღნიშნა, რომ ახალი სტანდარტების დანერგვას შეიძლება "რამდენიმე წელი დასჭირდეს".