თვითიზოლაციამ Intel-ის მოგება გაზარდა

მასობრივი თვითიზოლაციისა და დისტანციურ რეჟიმში მუშაობამ, მსოფლიოში კომპიუტერულ ტექნიკაზე მოთხოვნა გაზარდა.

მოიმატა Intel-ის ჩიპების გაყიდვებმაც, შედეგად კი 2020 წლის 3 თვეში კომპანიის შემოსავალი 23%-ით გაიზარდა.

როგორც Intel- ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ სვონი აცხადებს, ზრდა შენარჩუნდება მეორე კვარტალშიც, თუმცა 2020 წლის მეორე ნახევარში რა იქნება, "ცოტა გაურკვეველია".

ანალიტიკოსები Financial Times-თან საუბრისას Intel-ის ასეთ ფინანსურ მაჩვენებლებს ”კოსმიურს” უწოდებენ. 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი გაიზარდა 19.8 მილიარდ დოლარამდე, ერთი აქციის ღირებულებამ 51% -ით 1.31 დოლარამდე მოიმატა. Intel-ი მეორე კვარტალში, შემოსავლის 12% -ით 18.5 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს.

„ციფრებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიების როლი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე" - განაცხადა სვონმა.