სახელმწიფო კონკრეტული ოდენობის თანხას ჩაურიცხავს იმ კლინიკას, რომელსაც Covid-19-ის ინფექციისა ან/და ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად, სხვა პაციენტებისგან დაცლას სთხოვს

ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19-ის ინფექციის სამართავად ახალი ფინანსური მოდელი შეიმუშავა, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო კონკრეტული ოდენობის თანხას ჩაურიცხავს იმ კლინიკას, რომელსაც Covid-19-ის ინფექციისა ან/და ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად, სხვა პაციენტებისგან დაცლას სთხოვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა.

მისი განმარტებით, იმ კლინიკებს, რომელთაც 80-მდე საწოლი აქვს, სახელმწიფო თითო საწოლდღეზე გადაუხდის იმდენჯერ 100 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს (მაგალითად, 80 საწოლის მქონე კლინიკას სახელმწიფო ყოველ საწოლდღეზე გადაუხდის 8 000 ლარს). რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომელთაც 80-ზე მეტი საწოლი აქვს, მათ სახელმწიფო თითო საწოლდღეზე გადაუხდის იმდენჯერ 120 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი ფინანსური მოდელის ფარგლებში, უწყებას უკვე შერჩეული აქვს 33-მდე საავადმყოფო, რომელსაც კორონავირუსის შემთხვევების მატების შემთხვევაში, საწოლების ოდენობის გათვალისწინებით, საწოლდღეზე თანხას გამოუყოფს. როგორც „ინტერპრესნიუსს" წოწკოლაურმა განუცხადა, ეს თანხა კლინიკებს დაეხმარება, პერსონალის ხელფასების უწყვეტად დარიგებასა და კომუნალური გადასახადების დაფარვაში. წოწკოლაურის ინფორმაციით, ამ მიზნით უკვე გამოყოფილია 40 მილიონი ლარი, საიდანაც 28 მილიონი ლარი მიმართულია პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვისკენ, დანარჩენი თანხა კი პაციენტების მკურნალობის მართვას მოხმარდება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულია თანხის დამატებაც.

„ამ მოდელის ფარგლებში, ვერტიკალურ პროგრამებში Covid-19-ის ახალი კოდი გაჩნდება, რომლითაც ის იმართება და ყველა შერჩეულ კლინიკას ამ კოდის მიხედვით დავუდებთ კონტრაქტს. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროის მონაცემებით, შემთხვევების მატების მეორე (1 000 პაციენტამდე) და მესამე (1 000-ზე ზევით პაციენტი) ტალღისთვის, სახელმწიფო 33 საავადმყოფოს დააფინანსებს, რომლებიც სხვა პაციენტებისგან დაიცლება და მხოლოდ Covid-19-ის მქონე და ცხელებიან პაციენტებს მოემსახურება. ეს კლინიკებიც ერთიანად არ გაიცლება ანუ სახელმწიფოს რაც დასჭირდება მართვისთვის, იმდენი საავამდყოფო გაიცლება. მაგალითად, მაქვს 400 შემთხვევა, ვარ მეორე ტალღაზე, მე მეორე ტალღაზე მყავს გათვალისწინებული მაგალითად 8 კლინიკა. ჩემი შეტყობინებიდან ერთი კლინიკას სხვა პაციენტებისგან ცლის 24 საათში, მეორე - 72 საათში, მესამე - უფრო გვიან. იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ახალი Covid-19-ით ინფიცირებულების მისაღებად, როგორც კი კლინიკას მივცემ შეტყობინებას, იგი დაიცლება და გადავა ნულოვანი პაციენტის მდგომარეობაში, იმ დღიდან ვიწყებთ მის დაფინასებას.

თუ არის 80 საწოლიანი კლინიკა, ყოველ საწოლდღეზე ვუნაზღაურებთ დღეში 100 ლარს თითო საწოლზე, ანუ ჯამში დღეში 8 000 ლარს. თუ არის 80-ზე მეტი საწოლის მქონე კლინიკა, ვუნაზღაურებთ დღეში 120 ლარს. გაანგარიშება ხდება საწოლების ოდენობის მიხედვით. ამის ფონზე მედპერსონალს ხელფასები შეუნარჩუნდება და კლინიკები გადაიხდიან კომუნალურებს.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს - მკურნალობა, დიაგნოსტიკა, მედიკამენტები - ამას გადავუხდით მას შემდეგ, რაც კლინიკები მოგვაწვდიან პირდაპირი ხარჯების აღრიცხვას შესრულებული სამუშაოს სახით, ანუ ვაფინანსებთ საწოლების გამოთავისუფლების ხარჯს. ეს დადგენილება ამ დღეებში შევა ძალაში. ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა გათვალისწინებული იყო სახელმწიფო საავადმყოფოების ხარჯზე. მეორე და მესამე ტალღაში უკვე შევლენ ქსელური საავადმყოფოები," - განაცხადა წოწკოლაურმა.

მისივე თქმით, ახალ მოდელზე უწყებები კლინიკების ფინანსისტებთან ერთად დაახლოებით, ერთი კვირაა მუშაობენ.

„უკვე დაწყებულია საავადმყოფოების დაცლის პროცესი. მაგალითად, თელავში განულებულია ერთი საავადმყოფო. ანუ შიგნით არ იქნება პაციენტი და დაველოდებით მხოლოდ და მხოლოდ ცხელებიან პაციენტებს. დადგენილებაშია ეს ყველაფერი გაწერილი," - განაცხადა წოწკოლაურმა.

რაც შეეხება მიმდინარე ქეისების ხარჯთაღრიცხვას, როგორც წოწკოლაური განმარტავს, რა დაუჯდა სახელმწიფოს მიმდინარე შემთხვევების მართვა, 15 მაისის შემდეგ დაითვლება.

„მე გამოვითხოვე კონკრეტული პაციენტების ხარჯები. ეს არის ინდივიდუალური და ამის გაშლა ყველა პაციენტზე არაა სწორი. არის შემთხვევა როცა 5 000 ლარი დაგვიჯდა მკურნალობა და არის შემთხვევა, როცა 7000 ლარს გადასცდა ხარჯი. ეს დამოკიდებულია პიროვნებაზე, რამდენჯერ დასჭირდა კომპიუტერული ტომოგრაფია თუ სხვა მომსახურებები,"- განაცხადა წოწკოლაურმა.