გიორგი გახარია - სამი წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია მოხდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სამი წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია მოხდება. როგორც გახარიამ განაცხადა, ეს არის მიწის ის რესურსი, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე. ამასთან პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემა ამ რესურსის დარეგისტრირების შემდეგ გადაწყდება. მისივე თქმით, ამის განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა ფერმერებსა და საფინანსო სტრუქტურებს მიწის დამუშავების საშუალება ჰქონდეთ.

„შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის გარეშე. ამიტომ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება სამი წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ. დღეის მდგომარეობით, ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე და ამის შემდგომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემა საქართველოში საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მორჩეს. ყველას კარგად გვესმის ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რამეთუ როგორც ფერმერს, ასევე საფინანსო სტრუქტურებს, საშუალება გვქონდეს მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და დავამუშავოთ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი რესურსი, როგორიცაა მიწა," - განაცხადა გახარიამ.