პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, 3.5 მილიარდი ლარი, რომელიც კრიზისულ მენეჯმენტზე დაიხარჯება, საბიუჯეტო და საგრანტო თანხასთან ერთად, სასესხო კომპონენტსაც შეიცავს.
„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ამ ფინანსური რესურში საბიუჯეტო, საგრანტო და სასესხო კომპონენტების ოდენობას ეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.
„3 მილიარდ 500 მილიონი ეს არის შედგენილი ის რესურსი, რომელიც არის საბიუჯეტოც, გრანტიც და რა თქმა უნდა, სასესხო კომპონენტიც არის აქ. მაგრამ ზუსტად ეს რა პროცენტი იქნება, ამაზე საუბარი ადრეა. მაგალითად, 3 მილიარდი დოლარის სესხზე, რომელზეც ჩვენ წვდომა გვაქვს გახსნილი, მილიარდნახევარი არის მთავრობისთვის განკუთვნილი. ნაწილი არის საგრანტო კომპონენტი, მაგრამ ნაწილი არის მიზნობრივი. მაგალითად, დაახლოებით 150-200 მილიონი გროვდება ჯანდაცვის სისტემის გამართვისთვის. აქ ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, რამდენად ეფექტურად ავითვისებთ ამას. ამიტომ ეს პროპორციები ცვალებადია. დღეს მთავარია, რომ საქართველოს იმ შემთხვევაში თუ მას უჩნდება ასეთი მოთხოვნილება და აუცილებლობა, რესურსზე წვდომის პრობლემა არ გააჩნია. დღეს ქვეყანას რესურსზე წვდომა აქვს სრულად თავისუფალი და ეს რესურსი არის 3 მილიარდი დოლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.