გიორგი გახარია - გადასახადების განულება ამ ეტაპზე აქტუალური არ არის - ჩვენთვის პრიორიტეტია ბიზნესის დახმარება ჯერჯერობით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გადასახადების განულება ამ ეტაპზე აქტუალური არ არის, რადგან მთავრობისთვის საბიუჯეტო შემოსავლებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულის შესახებ გახარიამ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე მთავრობას ორი პრიორიტეტი აქვს: მოქალაქის ფინანსური დახმარება, ვინც სამსახური დაკარგა და ბიზნესის დახმარება სამუშაო ადგილისა და თავად კომპანიის შენარჩუნების მიზნით.

“გადასახადების განულება დღეს, ამ ეტაპზე აქტუალური არ არის, დღეს საბიუჯეტო შემოსავლებსაც ჩვენთვის აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს ვართ კრიზისის ეტაპზე და პირდაპირ გეუბნებით, ჩვენთვის პრიორიტეტი არის ორი რამ: მოქალაქის პირდაპირ ფინანსური დახმარება, რომელმაც შემოსავალი დაკარგა და მეწარმისა და ბიზნესის დახმარება ჯერჯერობთ, მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ადგილის შენარჩუნების ნაწილში და თვითონ კომპანია რომ შენარჩუნდეს. მის განვითერაბაზე, შედგომ ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე რა შეღავათებს გავუკეთებთ, რა ფინანსურ დახმარებას გავუწევთ, ამაზე დღეს არ ვსაუბრობთ. ამაზე ვსაუბრობთ ახლა - მიზნობრივი ადამიანის დახმარება და არა ბიზნესების. ბიზნესებისა და კომპანიების დახმარება სამუშაო ადგილების შენარჩნების და ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით, დანარჩენი ყველაფერი ახალ პროექტზე და შემდგომ განვითარებაზე, ეს შემდგომი ეკონომიკური აღორძინების ეტაპის საკითხია”, - განაცხადა გახარიამ.