"300-ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და ჩვენც გვაქვს სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ თითოეულ თანამოქალაქეს"

„რესურსი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აქვს, უკიდურესი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის რომ ყველაზე მძიმე სცენარებისთვისაც ვიყოთ მზად“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და იქვე განმარტა, რომ 300 ლარიანი დახმარება მთავრობის ხედვითაც საკმარისი არ არის და არ გამორიცხა, რომ მოქალაქეებს დახმარება კიდევ დასჭირდეთ.

„300 ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ობიექტური სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს. შეიძლება ასეთი დახმარება დაგჭირდეს კიდევ. კრიზისის პირველი ეტაპი რომ დაიწყო, როდესაც კომუნალური დახმარება განვსაზღვრეთ მოქალაქეებისთვის; ბიზნესს კომპანიებსა და მეწარმეებს პირველი დახმარება რაც გავუწიეთ ეს იყო ტურისტული სექტორი და ვუთხარით, რომ თქვენ საშემოსავლო და ქონების გადასახადი 4 თვით გადაგივადდებათ და 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ს მთავრობა დაგიფინანსებთ. დღეს ეს საერთოდ სასაცილოა, არარელევანტურია. არავის დღეს, არ ეყოფა, მაგრამ მაშინ ეს იყო რელევანტური. შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება - ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის ყველაზე დიდი პრობლემა. ამიტომ ეს გაურკვეველი მდგომარეობა ჩვენ გვაყენებს ამ მდგომარეობაში - რესურსი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აქვს, უკიდურესი სიფრთხილით იყოს გამოყენებული, იმისთვის რომ ყველაზე მძიმე სცენარებისთვისაც ვიყოთ მზად. ჩვენც გვესმის, რომ საკმარისი არ არის, მაგრამ არავინ არ იცის ამ ექვსი თვის გავლის შემდგომ ჩვენ კიდევ რა სახის ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს ან სამი თვის შემდგომ. ეს გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი რისკის მომტანი და ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი ბრძოლა“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე აღნიშნა, რომ მთავრობას აუცილებლობა აქვს ამ სიტუაციაში იყოს პასუხისმგებლიანი პრაგმატული და ეფექტური, ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა თავს მისცეს უფლება იყოს პოპულისტური.