„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებები შედის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებით, ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ იმ მომენტისთვის, როცა მოსავალს მიიღებენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი პროექტები და არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები მიმდინარე პროექტებშიც განხორციელდა. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 6 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტი მიმდინარეობის მანძილზე განიცდიდა ცვლილებებს დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით, ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ იმ მომენტისთვის, როცა მიიღებენ მოსავალს. აღსანიშნავია, რომ სახელწიფოს პროექტის დაწყებიდან დღემდე სრულად პროცენტის თანადაფინანსება არ მოუხდენია.

გარდა ამისა, ძირითად საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი, არსებული წლიური 8%-ს ნაცვლად იქნება 11%. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. ასევე, იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტი, ნაცვლად არსებული 9%-სა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ასევე ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. მეცხოველეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც მოიცავს ხელშეწყობას მეხორცული მიმართულებით საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე. იმ შემთხვევაში თუ ფერმერს არ ექნება საკმარისი ღირებულების გიროა საკუთარი სესხის უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო მოახდენს სესხის თანხის 50%-ით უზრუნველყოფას.

პროექტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის, რომლის ფარგლებში სესხი გაიცემა 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10%-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. პროექტს ასევე ემატება სასურსათო მრეწველობის აგროლიზინგის მიმართულებით დაფინანსება, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება იქნება 12%, 24 თვის განმავლობაში“,-აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.