"თუ გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდება და ბიზნესს ბანკი სესხის გადახდას გაუმარტივებს, ბიზნესსაც და ბანკსაც ჩვენ 30%-იან თანაუზრუნველყოფას შევთავაზებთ"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თუ გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდება და ბანკი ბიზნესს სესხის გადახდას გაუმარტივებს, ბიზნესსაც და ბანკსაც სახელმწიფო 30%-იან თანაუზრუნველყოფას შესთავაზებს.

ამასთან, მინისტრის შეფასებით,დღეს ბიზნესს ახალი სესხი დასჭირდება, რადგან ბიზნესს შემოსავლები შეუმცირდა, ან გაუნულდა, რის გამოც საბრუნავი საშუალებებისთვის დამატებითი რესურსი სჭირდებათ.

„დღეს ბიზნესთან კომუნიკაციით ვხედავთ, რომ ძალიან დადებითი როლის შესრულება შეუძლია. ჩვენ ამ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში თანაუზრუნველყოფაში გავყვებით ბიზნესებს საბანკო სესხის 90%-ში, თუკი საუბარი იქნება ახალ სესხზე. დღეს ბიზნესს ახალი სესხი დასჭირდება, რადგან ელემენტარულად შემოსავლები შეუმცირდათ ან გაუნულდათ, რის გამოც საბრუნავი საშუალებებისთვის დამატებითი რესურსი სჭირდებათ. გავაკეთეთ ასეთი უპრეცედენტო რამ, რომ ეს პროგრამა, რომელიც აქამდე ახალ პროექტებზე და განვითარებაზე იყო ორიენტირებული, მათ შორის დღეს დაეხმარება არსებულ ბიზნესებს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში. ანუ, თუ ადრე გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდება და ბანკი ბიზნესს სესხის გადახდას გაუმარტივებს, ჩვენ 30%-იან თანაუზრუნველყოფას შევთავაზებთ ბიზნესსაც და ბანკსაც, რომ ეს უფრო მარტივად მოხდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის დატვირთვა ძალიან მაღალი იქნება, ამით ჩვენ რისკებს ვამცირებთ.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და ეს პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი სექტორი-კვების ინდუსტრიაა. დღეს ბევრი ქვეყანა პრიორიტეტებს სხვაგვარად მიუდგა და მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ პოტენციალს, საქართველო, სადაც ძალიან დიდი პოტენციალია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ამისთვის შესანიშნავი პლატფორმაა, რომ ჩვენ საკუთარი წარმოების რესურსით საკუთარი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა თურნავამ.