საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება დაიწყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ.
მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი პროექტები; არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე პროექტებშიც. ახლად შექმნილი პროექტის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა - ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. პროგრამა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება.
„პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას შემდეგი მიმართულებებით: რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი, რძის გადამმუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება ხორციელდება პროექტის ღირებულების 40%-დან 80%-მდე თანადაფინანსებით, ხოლო თანხობრივი ლიმიტები მერყეობს 8000 ლარიდან 195,000 ლარამდე. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი და პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.