ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ 1,5 მლრდ დოლარიდან, რომელსაც საქართველო პარტნიორებისგან მოიზიდავს, დიდი ნაწილი, დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარამდე, საგარეო ვალია.
„ჩვენ ვსაუბრობთ მილიარდ-ნახევარ დოლარზე, რომელსაც ვვარაუდობთ, რომ პარტნიორებისგან მოვიზიდავთ. აქ შედარებით მცირე არის გრანტის კომპონენტი, ძირითადი ნაწილი 1.3-1.4 მილიარდი რასაკვირველია გაზრდის ჩვენს ვალს, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენ, ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, ვალის დაბალი ნიშნულით დავიწყეთ და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ შემდგომ წლებში განვაგრძოთ მდგრადი განვითარება, შევძლოთ სახსრების მოზიდვა პოსტ-კრიზისული პერიოდისთვის და ეკონომიკა დავასტიმულიროთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, თუ საზოგადოების ყველა წევრს ერთი მხრივ, მოთმინება და მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა ეყოფა და სიტუაცია არ გამწვავდება, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეამსუბუქებს.
„ღმერთმა არ ქნას და თუ გართულდა და უფრო მძიმე შედეგებში წავედით, ეს ნიშნავს, რომ მეტი ხარჯი იქნება ჯანდაცვაზე, მკურნალობაზე, კარანტინზე, აქტივობები იქნება შენელებული. რასაკვირველია, იმ ვალის დიდი ნაწილი უნდა წამოვიდეს და ამ ცეცხლის ჩაქრობას მოხმარდეს. თუ ყველაფერი შედარებით პოზიტიურად განვითარდა, იმ გეგმით, რაც წარვადგინეთ, შევძლებთ, რომ მალე დავიწყოთ გამოსვლა და ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ეკონომიკურ სტიმულირებას და არა გადარჩენას მოხმარდეს“,-აცხადებს მაჭავარიანი.
მისივე თქმით, დონორებთან დახმარების თაობაზე მოლაპარაკებები ინდივიდუალურად ხდება და ერთ-ერთი პირველი, საიდანაც საქართველო დახმარებას ელოდება, არის მსოფლიო ბანკი. მისივე თქმით, ქვეყანა დახმარებას ელოდება, ასევე, საერთაშორისოსავალუტო ფონდიდან და აზიის განვითარების ბანკიდან.
„ჩვენ ჩვენი ფულადი სახსრების პროგნოზი გაკეთებული გვაქვს და მერწმუნეთ, რომ საგანგაშო არაფერი არ იქნება“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.