რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე - ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს და ქვეყანას ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრის

ანტიკრიზისული გეგმა, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, არის თვალებში ნაცრის შეყრა. მისი რეალური ღირებულება იმდენად მწირია, რომ ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ქვეყანას ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრის, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ტყუილია ისიც, რომ სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარით 350 ათას ადამიანს დაეხმარება. გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა პროპაგანდისტულია და საგანგებო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენა სწორედ ამის გამო არ ხდება.

„ანტიკრიზისული გეგმა, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, არის თვალებში ნაცრის შეყრა. სწორედ ამიტომ არ წარმოადგინა მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტი პარლამენტში, ვინაიდან ბიუჯეტში ყველაფერი ნათელი გახდებოდა. მხოლოდ სოციალური დახმარების პაკეტი უმუშევრად დარჩენილი და სახლში გამოკეტილი მილიონამდე მოქალაქისთვის შეადგენს 200 მილიონ დოლარს. ამ გაუფასურებული და გასაცოდავებული ლარის პირობებში, ეს არის სავალუტო ფონდის მიერ გადმორიცხული ერთი ტრანში, რომელიც ახლა ბიუჯეტში გრანტის სახით შემოვა. თუ დავუმატებთ მას იმ კომუნალურ შეღავათებს, მთელი დახმარების პაკეტის ღირებულება მაქსიმუმ შეიძლება იყოს 250 მილიონი დოლარი. ტყუილია განცხადება, რომ 350 ათას ადამიანს მივცემთ თვეში 200 ლარსო. საგადასახადო სამსახურში, ვინც ახლა სამსახური დაკარგა, აღრიცხვაზე არის, დაახლოებით, 200 ათასი მოქალაქე. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ეს არის ძალიან ბუნდოვანი. ამ პროგრამის ნამდვილი სახე გამოჩნდება ბიუჯეტში, რომლის პარლამენტში წარმოდგენაც არ უნდათ ივნისის თვემდე. ანუ ანტიკრიზისულ გეგმას ამ პერიოდში პროპაგანდისტულად გამოიყენებენ და მისი რეალური ღირებულება იმდენად მწირია, რომ ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ქვეყანას ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.