ეს არის მოსახლეობის გასაჭირით წინასაარჩევნო სპეკულაცია, - ამ სიტყვებით შეაფასა მთავრობის ანტიკიზისული გეგმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გააჩნია.
„სამწუხაროა, რომ პანდემიის საფრთხეს ამოფარებულები, ცდილობენ, წლობით შეგვაგუონ შეზღუდვებსა და ზედამხედველობის პირობებში ცხოვრებას და რაც შეიძლება დიდი ხნით ჩვენს ხარჯზე, ჩვენს ზედამხედველებად და მმართველებად დარჩნენ, რაც არ გამოვა, რა თქმა უნდა .
შეზღუდვებითა და ხალხისთვის გროშების გადაყრით ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მსგავსი კომუნისტური და საბჭოთა პოლიტიკური სისტემა კრახს არ განიცდიდა, რაც წესით, უნდა იცოდნენ „ქართულ ოცნებაში“, სადაც დღესაც კომკავშირისა და ცეკას ბევრი ყოფილი ინსტრუქტორია.
ვწუხვარ, რომ ახლა უკვე ორ ფრონტზე- პანდემიასა და ძალაუფლებას დახარბებულ ავტოკრატიულ მმართველობასთან ერთდროულად მოგვიწევს ბრძოლა, რაც ჩვენი ენერგიული, გააზრებული ძალისხმევითა და ერთიანობით საქართველოსა და მისი მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.