გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალმომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირები, 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარდა ამისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ასევე სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ.