გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი დიდია.
მისი თქმით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანას ქართული ხორბლის მარაგების შევსებაში დაეხმარა. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში დამატებით 27 000 ტონა ხორბალს მიიღებენ და ამ ხორბლის რეალიზაციით მიღებული თანხა მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას მოხმარდება.
„ევროკავშირის დაფინანსებით, ჩვენი სოფლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. USAD არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივი პარტნიორი, რომელიც ასევე ბევრ პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაგვეხმარა ქართული ხორბლის მარაგების შევსებაში. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ დამატებით 27 000 ტონა ხორბალს. ამ ხორბლის რეალიზაციით მიღებული თანხა კი, მოხმარდება მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა გვაქვს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, დახმარების გაზრდის მიზნით, მოლაპარაკებები დავიწყეთ ჩვენ პარტნიორებთან. გვაქვს მხარდაჭერის მოლოდინი, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სექტორი დონორთა ინტერესის სფეროა. ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიდის ინტენსიურად. ეს იმ დახმარებების პაკეტის ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, რომელსაც ქვეყანა იღებს არსებულ ვითარებაში იმისათვის, რომ ეკონომიკური ვარდნა შევავსოთ და არ მივიღოთ ზიანი”, - განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.