განათლების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით, თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა.

ონლაინ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის თემას წარმოადგენდა: „პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“.

გპფ-ს მიერ წამოწყებული ინიციატივის მიზანია თავი მოუყაროს განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს; შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ისინი ღიად ისაუბრებენ კორონავირუსის შედეგად განათლების სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებზე, ერთობლივად გამოავლენენ შექმნილ პრობლემებს, დასახავენ მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად შეამსუბუქებს არსებულ სიტუაციას და განათლების სექტორს საშუალებას მისცემს განაგრძოს უკეთ ფუნქციონირება და განვითარება პანდემიის შემდგომ პერიოდშიც.

შეხვედრას 15-ზე მეტი ორგანიზაცია დაესწრო და თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა საკუთარი ხედვა და მიდგომა წარმოედგინა. შეხვედრის შემდეგ, მრგვალი მაგიდის მონაწილეების დახმარებით, მომზადდება პირველადი დოკუმენტი, გამოვლინდება ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას.

გპფ-ს მხრიდან გათვალისწინებულია ონლაინ მრგვალი მაგიდის შემდგომი რაუნდების ჩატარება და მონაწილეთა გაფართოება, რათა მაქსიმალურად მეტმა ორგანიზაციამ და ექსპერტმა შეძლოს იმუშაოს საგანმანათლებლო თემაზე.

პროექტის ინიციატორის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებასა და წინსვლას. გპფ, როგორც საგანმანათლებლო სისტემის გულშემატკივარი, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია ქვეყანაში. ამ ჯერზეც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში და ამ სახით გვერდში დაუდგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სისტემას იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ სწავლა-სწავლების ეს რთული სიტუაცია.