ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება.

ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და კორეული „K-water“-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები, პაციენტთა გასასინჯი ოთახები და საკონფერენციო სივრცე.

ოჯახის ექიმი თეა ცინდელიანი, რომელიც ჭუბერის ამბულატორიაში უკვე 5 წელია, მუშაობს, ამბობს, რომ რებილიტაციის შემდეგ მედიკოსების სამუშაო პირობები მნიშვნელოვნჯად გაუმჯობესდა და, შესაბამისად, მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდა.

"შენობა, რომელშიც დღეს ამბულატორია მოქმედებს, 7 წლის წინ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იყო. სოფელმა ის შეიძინა და ამბულატორიად გადააკეთა, თუმცა ფინანსების არარსებობის გამო მხოლოდ პირველი სართულის გაკეთება მოხერხდა, მეორე კი მთლიანად გამოუსადეგარი იყო. არავის ჰქონდა საშუალება, გაერემონტებინა. რეაბილიტაციის შედეგად ეს სართული მთლიანად გარემონტდა. მოეწყო მაღალი დონის პალატები თავისი სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები და ცალკე გასასინჯი ოთახები, რაც მუშაობას გვიადვილებს და ბევრად ეფექტიანად ვმართავთ პაციენტების ნაკადს",- აღნიშნავს თეა ცინდელიანი.

ახალი გლობალური გამოწვევის ფონზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამბულატორიის ექიმები პაციენტებს, ძირითადად, დისტანციურ რეჟიმში ემსახურებიან და ადგილზე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მკურნალობენ. საჭირო გახდა მედპერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. თეა ცინდელიანის თქმით, ამბულატორიაში "ნენსკრა ჰიდროს" დახმარებით რეგულარულად ტარდება დეზინფექცია.

"ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გამო, პაციენტებს ძირითადად დისტანციურად ვემსახურებით, ვუწევთ სატელეფონო კონსულტაციას და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ვმკურნალობთ ადგილზე. ჩვენთან, ამბულატორიაში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც "ნენსკრა ჰიდროს" დახმარებით მოხერხდა. უნდა აღვნიშნო, რომ გვჭირდება სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ უპირველესი დამცავი საშუალებაა. გვაქვს თხოვნა, თუ ამის რესურსი იქნება, ამბულატორიას სადეზინფექციო საშუალებებიც გადმოგვცენ", - ამბობს ოჯახის ექიმი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მარიამ კოპალეიშვილი კი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ჭუბერის ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნავს, რომ ცენტრის შესაბამისი აღჭურვა როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.

"გარდა იმისა, რომ პაციენტები ბევრად გაუმჯობესებულ სამედიცინო სერვისებს იღებენ და თანამედროვე პალატებში მკურნალობენ, რეაბილიტაციამ, რა თქმა უნდა, ექიმებსაც გაგვიადვილა საქმე. ბევრად გამარტივდა და კომფორტული გახდა პაციენტთან მუშაობის პროცესი", - აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

მისივე თქმით, ამჟამად ჭუბერში კორონავირუსის სიმპტომებთან დაკავშირებული გამოძახებები ფაქტობრივად, არ ფიქსირდება, მიმართვიანობა უმეტესად არტერიული ჰიპერტენზიისა და საგაზაფხულო სამუშაოების დროს ტრავმების შემთხვევებს უკავშირდება.

“ამჟამად ჭუბერის ამბულატორიის ბალანსზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ ირიცხება, არადა, ხეობის ზოგიერთ სოფლამდე საკმაოდ შორი მანძილია პაციენტთან ოპერატიულად მისასვლელად. ამ შემთხვევაში ექიმებს ხშირად „ნენსკრა ჰიდრო“ ეხმარება თავისი რეანიმობილით» - დასძენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

ჭუბერის ამბულატორია "ნენსკრა ჰიდროს" დაფინანსებით ჩატარებული სრული რეაბილიტაციის შემდეგ გასული წლის 23 აგვისტოს გაიხსნა. სადღეისოდ სამედიცინო ცენტრი სოფლის მოსახლეობის დახმარებას გაუმჯობესებული პირობებითა და განახლებული ინფასტრუქტურით ახორციელებს.

2015 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდროს“ ჭუბერსა და ნაკრაში 2 მილიონი ლარის ღირებულების სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული. კომპანია მექანიზაციის პროექტის ფარგლებში 200–მდე ოჯახს მძიმე ტექნიკით უსასხიდლოდ მოემსახურა, ასევე საკარმიდამო მიწების მოსწორებასა და სოფლის შიდა გზების მოწყობაში დაეხმარა. გარდა ამისა, „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანებით განხორციელდა მდინარე ნაკრას კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ კი დასრულდა ჭუბერის კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სრული რეაბილიტაცია.

გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კომპანია მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.