მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
როგორც გუშინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, მთავრობა ამ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში - თვეში 200 ლარის ოდენობით დაეხმარება. აღნიშნული სოციალური დახმარების გაცემა კი მაისიდან დაიწყება. ამ მიზნით ჯამში, 460 მლნ ლარია გათვალისწინებული.
გახარიას განცხადებითვე, დახმარებით სარგებლობას შეძლებს დაახლოებით, 350 ათასი ადამიანი. ეს კი ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით დაქირავებით დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარია.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ჯამში, დასაქმებულია - 1 690 200 ადამიანი; აქედან დაქირავებით დასაქმებულია - 849 300; ხოლო თვითდასაქმებული - 840 400 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ გარდა ოფიციალურად დასაქმებული ადამიანებისა, მთავრობა არაფორმალურ სექტორში ან თვითდასაქმებულებსაც დაეხმარება, იმ შემთხვევაში თუ ისინი დაასაბუთებენ რომ ამ პერიოდის განმავლობაში დაკარგეს შემოსავალი. ამ ადამიანებს სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით დაეხმარება, რისთვისაც დაახლოებით 75 მლნ ლარია გათვალისწინებული. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში დაახლოებით, 250 ათასი არაფორმალურ სექტორში ან თვითდასაქმებული ადამიანის დახმარება შეეძლება.