"კულტურის სფერო ამჯერადაც ნაკლებ პრიორიტეტული აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლებისთვის"

როდესაც ქვეყანაში წარმატებული კულტურული ლანდშაფტი სრული კოლაფსის წინაშეა, ხელისუფლება პრობლემის მოგვარების ილუზიას ქმნის, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა.

,,კულტურის სფერო ამჯერადაც ნაკლებ პრიორიტეტული აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია სფეროზე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში დინამიურად იზრდებოდა, ვითარდებოდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, საერთაშორისო იმიჯის და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. პანდემიამ ამ სფეროში დასაქმებულებიც არანაკლებ დააზარალა - გაუქმდა ან გაურკვეველი ვადით გადაიდო გაზაფხულზე დაგეგმილი არაერთი სახელოვნებო ბაზრობა თუ ფესტივალი, შეჩერებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ პროგრამა, დახურულია გალერეები, თეატრები, გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, სტუდიები. შემოსავლის გარეშეა დარჩენილი სახელოვნებო სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი“, - აცხადებს დეა მეტრეველი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ყველა გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა, ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე მიიღება.

„ლელომ“ ჯერ კიდევ 20 მარტს მოუწოდა ხელისუფლებას, განათლების და კულტურის სამინისტროს მოეწვია მრგვალი მაგიდა, სადაც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების და ექსპერტების მონაწილეობით იმსჯელებდნენ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, შეაფასებდნენ სფეროსთვის მიყენებული ზარალის რეალურ მასშტაბებს და, მათი რეკომენდაციებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ანტიკრიზისულ გეგმაში ასახავდნენ სპეციალური სუბსიდირების პროგრამებს, საშეღავათო ინიციატივებს, მოახდენდნენ შესაბამისი თანხების მობილიზებას კულტურის სფეროში დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციებისა და ხელოვანების დასახმარებლად“, - აცხადებს მეტრეველი.

მისი განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმა არ პასუხობს პანდემიის შედეგად გამოწვეული ზარალის მასშტაბებს,

„მაშინ, როდესაც ქვეყანაში წარმატებული კულტურული ლანდშაფტი სრული კოლაფსის წინაშეა, კულტურის სამინისტრო პრობლემის მოგვარების ილუზიას ქმნის და, მხოლოდ რიგი ღონისძიებების ონლაინ სივრცეში გადატანით, ცდილობს, გვერდი აუაროს რეალური პრობლემების გადაწყვეტისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გამოხატონ პოლიტიკური ნება, „გამოვიდნენ საკუთარი კაბინეტებიდან“ და საზოგადების წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით აწარმოონ მჭიდრო კონსულტაციები სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან, შეაფასონ მათთვის მიყენებული ზარალის ოდენობა და დროულად გადადგან ეფექტური ნაბიჯები კულტურის სფეროს და თვითდასაქმებული ხელოვანების წინაშე არსებული უმძიმესი ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად’’, - განაცხადა დეა მეტრეველმა.

ინფორმაციას „პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.