კახეთში ცხვრის გადარეკვის სეზონი  ოფიციალურად 1-ელ მაისს გაიხსნება

კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ოფიციალურად 1-ელ მაისს გაიხსნება. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მანამდე, კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში, ვეტერინარების მიერ სრულიად უფასოდ, პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროცესი ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში არსებულ ერთ-ერთ ვეტერინარულ პუნქტში იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესს გაეცნო.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მეცხვარეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგია. მიმდინარე წელს, დაახლოებით 40 000 სული ცხვრის თუშეთის, ხოლო 280 000 სული ცხვრის სამცხე - ჯავახეთის მიმართულებით გადარეკვა მოხდება.

“2019 წლის მონაცემებით, 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 1 კგ. გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.