ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისში დღეს მეორე ბაზარი გაიხსნება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისში დღეს მეორე ბაზარი გაიხსნება. როგორც ზვიად შალამბერიძე „ინტეპრესნიუსთან“ აცხადებს, პროდუქციის გაყიდვის კუთხით ადგილობრივ ფერმერებს პრობლემები არ შექმნიათ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ძირითადი საზრუნავი საგაზაფხულო სამუშოებია.

„მიუხედავად იმისა, რომ დახურულია სოფლები, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ სოფლის მოსახლეობას და შხამ-ქიმიკანტებით და სხვადასხვა საშუალებებით მოვამარაგოთ. საკვებს რაც შეეხება, მარაგებს ვაკონტროლებთ და დეფიციტის საფრთხე არ გვემუქრება.

პროდუქციის გაყიდვის კუთხით, პრობლემა როგორც ასეთი, არ დამდგარა, რადგან თავიდანვე გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს ფერმერებთან და მათ მივეცით საშუალება გურიაში, სამეგრელოში გაეტანათ თავიანთი პროდუქცია, იყო წიწილები, მწვანილი, მარწყვი გატანილი, მივეცით საშვები, რომ მანქანით გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ.

გარდა ამისა, დღეს ვხსნით მეორე ბაზარს ქუთაისში, „ნიკეას“ ბაზარი მოქმედებდა ისედაც, გაიხსნება დღეს ე.წ. მწვანე ბაზარი ცენტრში. გარდა ამისა, სხვა რაიონების ბაზრის ხელმძღვანელებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რომ სტანდარტები დააკმაყოფილონ და ამის შესაბამისად გაიხსენაბ იმერეთში ამ კვირაში ბაზრები.

მარტოხელების, მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების მომარაგებას რა შეეხება, 70 000-მდე ოჯახს გაეწია დახმარება როგორც პროდუქტებით, ასევე ფინანსურადაც“ , - აცხადებს შალამბერიძე.