იტალიის პრემიერი - ბიზნესის ამუშავება 4 მაისიდან დაიწყება, სკოლები სექტემბერში გაიხსნება

კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის ფარგლებში, იტალია სამრეწველო ინდუსტრიის ამუშავებას 4 მაისიდან დაიწყებს, ხოლო სკოლები სექტემბრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ, რომ 4 მაისიდან სამრეწველო და სამშენებლო ბიზნესების მნიშვნელოვან ნაწილს ამუშავების საშუალება მივცეთ“, - განაცხადა კონტემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ახალ ზომებს მომდევნო კვირიდან წარადგენენ. კონტეს განცხადებით, ამუშავებამდე, კომპანიებს მკაცრი ჯანდაცვითი უსაფრთხოების ზომების დანერგვა მოუწევთ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სკოლები სექტემბერში გაიხსნება და დისტანციური სწავლება კარგად მიმდინარეობს.

კორონავირუსის ეპიდემია ევროპაში პირველად სწორედ იტალიას დაატყდა თავს, ამიტომ მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება მისი ეკონომიკის ამუშავებას.