ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არაა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არაა.

როგორც ლევან სილაგავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რუსეთმა აპრილიდან დააწესა რაოდენობრივი შეზღუდვა ხორბლის ექსპორტზე, კერძოდ, კვოტა ექსპორტზე 7 მილიონი ტონის ოდენობით, რომლის გაცემის ლიმიტი გუშინ ამოიწურა, თუმცა რუსეთიდან ხორბლის გამოტანა კიდევ გაგრძელდება დაახლოებით 1 თვის განმავლობაში.

„ფიზიკურად ხორბლის გამოტანა გაჩერებული არაა. კომპანიები, რომლებსაც შესაბამისი საბუთი აქვთ აღებული, აგრძელებენ ხორბლის ექსპორტზე გატანას. ქართულ კომპანიებს აქვთ კონტრაქტები. რუსეთი ვიცით, რომ ცოტა არაპროგნოზირებადია, მაგრამ დღესაც გვქონდა კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან რუსეთში და ყველამ დაგვიდასტურა, რომ კონტრაქტები აუცილებლად შესრულდება. დეფიციტი არაა მოსალოდნელი, ჩვენ ორი თვის მარაგები ყოველთვის გვაქვს.

ამასთან, ბატონმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა და ვიცით, რომ ამერიკელებთანაც მიდის მუშაობა 50 000 ტონა ხორბლის იმპორტზე. დაახლოებით თვენახევარში შემოვა ეს ხორბალი. მნიშვნელოვანია ფასის შენარჩუნება და ამ კუთხით სახელმწიფოს პროგრამები მუშაობს და გარკვეული გადაზღვევები ფასზეც გვაქვს“, - აცხადებს სილაგავა.

ამასთან ლევან სილაგავა მთავრობის ხორბლის იმპორტირების სუბსიდირების პროგრამასაც აფასებს და აცხადებს, რომ ეს მთავრობის მხრიდან აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო, რამდენადაც რიგ ქვეყნებში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა.

„საერთოდ ჩვენ არ ვემხრობით სუბსიდირებას, როგორც მექანიზმს და სუბსიდირება არაა კარგი. ჩვენთვის რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ქართული ხორბალი გვქონოდა იმდენი, რომ არ ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. მაგრამ სამწუხაროდ, იმპორტზე დამოკიდებულები ვართ და ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა სტაბილურობის შესანარჩუნებლად, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში რიგმა ქვეყნებმა, უკრაინამ, ყაზახეთმა, რუსეთმა, რუმინეთმა შეზღუდვები დააწესეს“, - აცხადებს სილაგავა.

ცნობისათვის, 2020 წლის 1-ელ აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეული კულტურების ექსპორტზე არასატარიფო კვოტა დააწესა, საუბარი იყო 7 მლნ ტონა პროდუქციაზე. როგორც რუსული მედია წერს, ეს კვოტა ქვეყანამ სრულად ამოწურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტის აკრძალვაზე.

კერძოდ, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ძალაში 2020 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება. ექსპორტის შეზღუდვა არ შეეხებათ მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს.