დღეს ოზურგეთის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა არ განაახლა, რასაც ადგილობრივი მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო პროდუქციის გაყიდვა იყო და ამის საშუალება არ ეძლევათ.
„რატომ არ იხსნება ბაზრები, რა არის მიზეზი? რამდენი ხანია სახლში ვსხედვართ. პურის ფულს აქ ვიღებდით, ლუკმა-პური ამით შეგვქონდა ოჯახში. ვისაც დავურეკე, ყველა იძახის, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ არ ვიცითო და რა ვქნათ ჩვენ?“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ მზევინარ შავაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპის ფარგლებში, 27 აპრილიდან, სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.