არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ კვირის განმავლობაში დარგობრივი სამინისტროები იმ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული.
ჩიქოვანის თქმით, ცნობილი გახდება ასევე ის, თუ ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა გეგმით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად.
„გეგმა, რომელიც წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მხრიდან, იყო თანმიმდევრული და მას ჰქონდა რამდენიმე ეტაპი, რომელშიც გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა ხაზგასმით იქნა ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა წარმოდგენილი, არის საკმაოდ ფართე და თითოეულ სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები ამ კვირის განმავლობაში წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება გახილული ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ ანტიკრიზისულ გეგმაშია გათვალისწინებული, მათ შორის თუ ვის უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა იმ დახმარების მისაღებად, რომელიც არის გათვალისწინებული და ასევე, იქნება განმარტებები, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ბიზნესებმა იმ შეღავათებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ქვეყანაში არსებობს.