გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მათ სრული პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა შეუფერხებელი იქნება. მისივე თქმით, მათი პოლიტიკა აგრარულ დარგში პირველივე დღიდან თანმიმდევრული იყო.
„გუშინ კითხვები იყო დასმული, რამდენად რისკს შეიცავს გადაწყვეტილება მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომ მათ მიერ გამოყოფილი კვოტა, რომელიც 7 მილიონ ტონას განსაზღვრავდა მარცვლეულ კულტურებზე, ფაქტობრივად, ამოწურულია. შესაბამისად, პირველ ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტთან დაკავშირებით. აქ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სრული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმაზე, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა იყოს შეუფერხებელი. ჯერ ერთი, საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული და მეორე, ხორბლისა და მარაგების არსებობის კითხვის ნიშანი ამ ქვეყანაში არ დასმულა იმიტომ, რომ სამინისტრო ახდენს მონიტორინგს და ატარებს ყველა ღონისძიებას, რაც საჭიროა მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა სამინისტროსა და მთავრობის აგრარული პოლიტიკის კრიტიკას ოპოზიციონერების მხრიდან და მათ განცხადებებს პოპულისტური და დილეტანტური უწოდა.
„ამასთან, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ პოპულისტურია ის განცხადებები, რომელიც პრესაში გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს ჰქონდათ. არაერთხელ ყოფილა სამინისტროსა და მთავრობის აგრარული პოლიტიკის კრიტიკა. ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში დილეტანტურია მათი განცხადებები, მოკლებულია არსს, მათ არ აქვთ ბევრი ინფორმაცია და არ აქვთ მათ შორის პროფესიონალური ცოდნა, რომ სწორად შეაფასონ ვითარება და სწორი დასკვნები გამოიტანონ. ისინი უბრალოდ ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლონ და ამ რთულ ვითარებაში მანიპულირებენ ფერმერების გრძნობებით. ჩვენი პოლიტიკა აგრარულ დარგში პირველივე დღიდან იყო თანმიმდევრული. ეს გულისხმობდა მეტ ყურადღებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის და ზუსტად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა კერძო სექტორზე დახმარების პროგრამები. კერძო სექტორზე ამხელა, რამდენიმე ასეულ მილიონიანი მხარდაჭერა არასოდეს ყოფილა“,-აღნიშნა დავითაშვილმა.