თბილისში ნაციონალური ჩემპიონატი „Future Agro Challenge Georgia“ (FAC) ჩატარდა

25-26 აპრილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს(GITA) მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ნაციონალური ჩემპიონატი „Future Agro Challenge Georgia“ (FAC) ჩატარდა. ქვეყანაში მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

2 დღიანი ჰაკათონის მოსამზადებელი პერიოდი და შეჯიბრი, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, რაც გარკვეულწილად სამენტორო სესიებმაც განაპირობა, სადაც ათ ფინალისტს ქართველმა და უცხოელმა აგროპრენერებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სამენტორო სესიებმა და პრეზენტაციებმა, სადაც მათთვის საინტერესო და წარმატებული პროექტების შესახებ, დეტალური ინფორმაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს, ფინალისტებისთვის საკუთარი გეგმის დახვეწაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ჰაკათონის ძირითადი მიმართულებების მრავალფეროვნებამ, ღონისძიებისადმი დიდი ინტერესი განაპირობა და მასში მონაწილეობის სურვილი, არამხოლოდ ახალგაზრდა სეგმენტს, არამედ ასაკოვან ჯგუფსაც გაუჩნდა.

„გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებადი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქმის ყველა დარგი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება. ახალი კორონა ვირუსის კვალდაკვალ კი კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდა აგრო სფეროს სიძლიერის მნიშვნელოვანი საჭიროება. ძირითადი აქცენტები მენტორებისა და მონაწილეების მხრიდან ტექნოლოგიების როლზე გაკეთდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აგრო სფეროს ეფექტურად ფუნქციონირებას.“ - განაცხადა პროექტის თანაორგანიზატორმა მარიამ ბიწაძემ.

ჰაკათონში პირველი ადგილი გუნდმა „Raven“ დაიკავა, რომელთა იდეაც საფრენ შესაწამლ დრონებს შეეხებოდა, საკმაოდ უნიკალური და პრაქტიკული შესაძლებლობებით;

მეორე ადგილი გუნდმა „Enkeni“ დაიკავა. ისინი გამოშრობის ტექნოლოგიების დახვეწაზე მუშაობენ, რის შედეგადაც საინტერესო პროდუქტი - ვაშლის ჩიფსები შეიქმნა.

პირველი ადგილის მფლობელი კომპანია „Raven“ 2020 წლის ოქტომბერში, სალონიკში საქართველოს სახელით, გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე გაემგზავრება.

ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ღონისძიების სრული ლაივი ხელმისაწვდომია „Future Agro Chellenge“-ის ფეისბუქ გვერდზე.