თურქეთის ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში ტურისტების მიღების წესები განაახლა. ის სასტუმროები, რომლებიც ახალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, „ჯანმრთელობის“ სერტიფიკატს მიიღებენ. ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ არსოიმ განაცხადა.
უკვე ცნობილია, რომ სასტუმროები ადგილობრივი ტურისტებისთვის მაისში გაიხსნება. უცხოელი ტურისტების მიღებას კი ქვეყანა სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყებს, მას შემდეგ, რაც პანდემიის შედეგად შეჩერებული საერთაშორისო ფრენები აღდგება.
უსაფრთხოების ახალი ზომების მიხედვით მთავარი იქნება დისტანცირება. სასტუმროებს ვიზიტორების დაბინავება ერთი ნომრის გამოტოვებით მოუწევთ, შედეგად, სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი განახევრდება. ახალი წესების მიხედვით, ტურისტების კვება იქნება პერსონალური, სასტუმროს კომპლექსური მენიუდან, ე.წ შვედური მაგიდა და სასადილოები კი აიკრძალება. ამასთან, კაფე-ბარებს და რესტორნებს მკაცრად მოუწევთ სოციალური დისტანცირების დაცვით მაგიდების მოშორებით დადგმა.
ახალი ნორმები გავრცელდება პლიაჟებზეც. კერძოდ, შეზლონგების განთავსება მოხდება 2-მეტრიანი დაშორებით. ერთი ოჯახის წევრებს კი შესაძლებლობა ექნებათ პლაჟსა თუ აუზთან ცალკე ზონის გამოყოფა მოითხოვონ.