დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის აგრარული ბაზარი, სადაც შესაბამისი რეკომენდაციები გათვალისწინებულია, ფუნქციონირებას უპრობლემოდ განაგრძობენ.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ბაზრების ადმინისტრაციამ რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რათა იქ მოუშავე და ბაზრებით მოსარგებლე ადამიანების ჯანმრთელობა დაცული იყოს.
„არის ბაზრებისა და ბაზრობების ნაწილი, სადაც ყველაფერია გათვალისწინებული, საუბარია, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შესაბამისად, სოციალური დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, თვითონ ბაზრის ტერიტორიების დამუშავება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ის ბაზარი, რომელსაც ეს პირობები დაცული აქვს, იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ასევე, ბაზრებით მოსარგებლე ადამიანებისთვის, უპრობლემოდ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.
ბაზრების ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ის მოთხოვნები, რაც მოწოდებულია სამინისტროების მხრიდან“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება იმას, როდის მოხდება თბილისში არსებული სასაფლაოების გახსნა, კალაძე ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით უცნობია.
„ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ამის მიხედვით იქნება ყველა გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა კალაძემ.