კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დარგის სპეციალისტების შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ განაახლებს მუშაობას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრანსპორტი დარგის სპეციალისტების შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ განაახლებს მუშაობას.

კახა კალაძე მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ სიფრთხილე კვლავ გამოიჩინონ, რადგან „ბრძოლა ჯერ არ მოგვიგია“.

„ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება უკვე ქალაქში. მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ის მოწოდებები, რაც უსაფრთხოების თვალსაზრით არსებობს. არ გავუთამამდეთ, ჩვენ ეს ბრძოლა ჯერ არ მოგვიგია, ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ არის აუცილებელი გადაკოცნა, გადახვევა, ხელის ჩამორთმევა, აუცილებელია პირბადით სიარული“,- განაცხადა კალაძემ.