საქართველოში მოქმედი ბრენდული მაღაზიები ონლაინ გაყიდვის რეჟიმში გადადიან. საუბარია, 35-მდე დასახელების ისეთ ბრენდზე როგორიცაა: „ბერშკა“ „ზარა“, „მანგო“, „მასიმო დუტი“ და ა.შ. რომლებიც ძირითადად დიდ სავაჭრო მოლებში არიან წარმოდგენილი.
როგორც “რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ონალინ გაყიდვები სავარაუდოდ, 2 კვირაში დაიწყება და მასში ბრენდების 90% იქნება ჩართული.
მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკლება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს, მოგვიანებით კი “რითეილ გრუპ ჯორჯია“ გაყიდვის საკუთარ ვებ-გვერდსაც აამოქმედებს.
როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 20 მარტიდან დღემდე, ბრენდული მაღაზიების ზარალმა ათობით მილიონ ლარს მიაღწია. სავაჭრო მოლების გვიან გახსნა კი, ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამიტომ, კომპანიამ ზარალის შემსუბუქებისთვის, ონლაინ ვაჭრობის სერვისის ამოქმედება გადაწყვიტა.
„ონლაინ გაყიდვების სერვისის ამოქმედებაზე ძალიან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ. დახურვის პერიოდი სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ, რომ მოვმზადებულიყავით. კარგია, რომ მიტანის სერვისებზე შეზრუდვა არ იქნება. ჩვენ აქამდე ონლაინ რეჟიმში არ გვიმუშავია და სიახლე იქნება. თუმცა, ინდუსტრიის სტანდარტს რომ გადახედოთ, ონლაინ კომერცია, რითეილის მხოლოდ 10-15%-ს შეადგენს. ამიტომ, იმის ილუზია არ გავქვს, რომ ონლაინ გაყიდვა რაიმეს მნიშვნელოვნად ჩაგვინაცვლებს. თუმცა, მცირედ შვებას უდაოდ მოგვცემს.
ვფიქრობთ, რომ უახლოეს 2 კვირაში ონლაინ ვაჭრობას უკვე ავამოქმედებთ. ვპარტნიორობთ სხვადასხვა პლატფორმებთან, რომლებიც საქართველოშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, დავიწყებთ საკუთარ ვებ-გვერდზე მუშაობასაც, რომელიც უფრო მოგვიანებით გაიხსნება. ონლაინ ვაჭრობის სერვისში ჩაერთვება ჩვენს ჯგუფში შემავალი ბრენდების 90% მაინც. შემდგე უკვე შესაძლოა, ყველა ბრენდიც შემოგვიერთდეს“,- ამბობს რეზო მაღალაშვილი.
ცნობისათვის, “რითეილ გრუპ ჯორჯია“ აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "გეპი", "მარკს ენდ სპენსერი", "ტოპშოპია", "ბანანა რეფაბლიკა", "ნიუ ლუქი", ასევე "ინდიტექსის" ჯგუფში შემავალი ბრენდებს "ზარა", "მასიმო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრადივარიუსი" და ა.შ. ყველა აღნიშნული ბრენდის მაღაზია თბილისში მდებარე მოლებშია განთავსებული. მოლები 19 მარტიდან დაკეტილია.